იმერეთის ოთხ მუნიციპალიტეტში სტიქიამ მოსახლეობა დააზარალა. საჩხერეში, ზესტაფონში, ბაღდათისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა პრობლემები შექმნა.
დაზიანდა სახნავ-სათესი სავარგულები და საცხოვრებელი სახლები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის, ზვიად შალამბერიძის თქმით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში.
„დაზიანდა ოთხი მუნიციპალიტეტი. ესენია საჩხერე, ბაღდათი, თერჯოლა და ზესტაფონი. ზესტაფონსა და ბაღდათში, სამწუხაროდ, დაზიანდა ძალიან ბევრი სახნავ-სათესი და ვენახები. დიდია ზარალი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ობჩაში. ჯერჯერობით ნალექი არ შეწყვეტილა. როგორც კი მოგვეცემა შესაძლებლობა, დავიწყებთ ზარალის დათვლას. გარდა ამისა, ქარმაც დააზიანა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი“, – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.