ილონ მასკს მარსზე ატომური ბომბების ჩაყრა სურს
ილონ მასკს მარსზე ატომური ბომბების ჩაყრა სურს

„სფეის იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელს, ილონ მასკს სურს მარსზე ბირთვული ბომბები ჩაყაროს, რათა წითელი პლანეტა ადამიანთა საცხოვრებლად ვარგისი გახდეს. ამ გეგმის შესახებ მასკის ბოლო ტვიტი მიუთითებს.

ილონ მასკს სჯერა, რომ ბირთვული იარაღით დარტყმა მარსის პოლარული ყინულის ქუდებს გაადნობს და ატმოსფეროში გამოუშვებს დიდი ოდენობით ნახშირორჟანგს, რის შედეგადაც წარმოიქმნება სათბურის ეფექტი, რაც თავის მხრივ პლანეტაზე გაზრდის ტემპერატურას და ჰაერის წნევას. ანუ, მასკს კლიმატის ცვლილების სწრაფი ვერსია სურს.

ასეთ ვარიანტს მასკი უკვე წლებია განიხილავს, ამას აღნიშნავდა 2015 წელს მიცემულ ინტერვიუშიც.

2017 წელს ჟურნალ New Space-ში მასკმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერდა, როგორ შეუძლიათ ადამიანებს საუკუნეზე ნაკლებ დროში მარსზე ააშენონ მილიონიანი კოლონია.

მიუხედავად იმისა, რომ მის ამ იდეას სულ უფრო მეტი მომხრე უჩნდება, მასკმა მოგვიანებით „ტვიტერზე“ დაწერა, რომ წინა პოსტში გულისხმობდა მაისურს წარწერით „ Nuke Mars!“.

უცნობია, მასკი მართლაც სერიოზულად გულისხმობს თუ არა მაისურს, მაგრამ ფაქტია, რომ მილიარდერი მართლაც სერიოზულად ფიქრობს, რომ ადამიანი პლანეტათშორისი სახეობა უნდა გახდეს.

მისია კომპანიამ ცოტა ხნის წინ გამოსცადა მარსზე გასამგზავრებელი რაკეტის, სახელად „სტარშიფის“ პროტოტიპი. მასკი იმედოვნებს, რომ ამ ხომალდით ადამიანებს წითელ პლანეტაზე გაგზავნის.

პირველი წარუმატებელი ტესტირების შემდეგ, ამ რაკეტის პროტოტიპმა, სახელად „სტარჰოპერი“, მეორე გამოცდა წარმატებით ჩააბარა. აღსანიშნავია, რომ მთვარესა და მარსზე გასამგზავრებლად ნასაც „სფეის იქსის“ რაკეტების გამოყენებას გეგმავს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.