ილონ მასკი ფიქრობს, რომ ჩვენ სავარაუდოდ, „მატრიცის“ მსგავს ფსევდო-არსებობაში ვართ გამომწყვდეული.
SpaceX-ის დამფუძნებლის განცხადებით, სამყარო 13,8 მილიარდი წლისაა და ნებისმიერ ცივილიზაციას, რომელიც ამ პერიოდში შეიძლება წარმოშობილიყო, ბევრი დრო ექნებოდა თავიანთ ტქნოლოგიური ნოუ-ჰაუს გასაუმჯობესებლად. ამის შესახებ მასკამ პოპულარულ ამერიკულ პოდკასტში სტუმრობისას ისაუბრა.
„თუკი დავუშვებთ განვითარების ნებისმიერ მაჩვენებელს, თამაშები რეალობისგან განურჩეველი გახდება ან ცივილიზაცია დასრულდება. ამ ორიდან ერთ-ერთი მოხდება. შესაბამისად, დიდი ალბათობით, ჩვენ სიმულაციაში ვართ, რადგან ვარსებობთ. ხაზს ვუსვამ — რომ ეს სავარაუდოა, მხოლოდ ალბათობა. არსებობს ძალიან ბევრი სიმულაცია. შეიძლება მათ „რეალობას“ ეძახდეთ, ანდაც მულტისამყაროს“, — განაცხადა მასკმა.
მასკის თქმით, ამ სიმულაციების მასაზრდოებელი გარემო, რაც არ უნდა იყოს ის, სავარაუდოდ ძალიან მოსაწყენია, სულ მცირე თავად ამ სიმულაციებთან შედარებით.
„რატომ უნდა შექმნა მოსაწყენი სიმულაცია? ალბათ გააკეთებდით რეალობაზე გაცილებით საინტერესო სიმულაციას“, — აღნიშნა მასკმა და მაგალითად კაცობრიობის მიერ შექმნილი ვიდეოთამაშები და ფილმები მოიყვანა.
მილიარდერი ბიზნესმენი ერთადერთი არ არის, ვინც ასე ფიქრობს. სიმულაციის თეორიას ემხრობა რამდენიმე ფიზიკოსი, კოსმოლოგი და ფილოსოფოსი. მათი აზრით, თუკი ოდესმე სადმე წარმოიშვა რომელიმე მოწინავე ცივილიზაცია, რომელმაც სიმულაციები შექმნა, თეორიულად მას შეუძლია ათასობით, იქნებ მილიონობით და მილიარდობით ყალბი სამყაროს გაკეთება. ამ ციფრული სამეფოს მცხოვრებთათვის სიმართლის გარკვევა უკიდურესად რთული იქნება, რადგან მათ მიერ შეგროვებული ნებისმიერი მტკიცებულება სავარაუდოდ, მათივე შემქმნელების ნახელავი იქნება.
სიმულაციის თეორია ერთ-ერთია სახელგანთქმული ფერმის პარადოქსის შესაძლო ახსნათა შორის, რომლის საფუძველსაც წარმოადგენს კითხვა — „სად არიან დანარჩენები?“
პოდკასტის მსვლელობისას მასკმა ასევე ისაუბრა თავის შიშებზე არარეგულირებადი და არაკონტროლირებადი ხელოვნური ინტელექტთის მიმართ. მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ ნათელი და სასიამოვნო მომავლისთვის კაცობრიობას სხვა პლანეტების კვლევა და იქ გადასახლება სჭირდება, როგორც მზის სისტემის მასშტაბით, ისე მის მიღმა.
გარდა ამისა, მასკმა შეშფოთება გამოთქვა კაცობრიობის მიერ ატმოსფეროში გამოყოფილი ნახშირორჟანგის გამოც და ამ პროცესს უკიდურესად სახიფათო ექსპერიმენტი უწოდა, რომლის საბოლოო შედეგიც ჯერ უცნობია.
„ასე არ უნდა ვიქცეოდეთ. კარგად ვიცით, რომ საბოლოო წერტილი განახლებადი ენერგიაა. მაშ რაღატომ ვატარებთ ამ ავადმყოფურ ექსპერიმენტს? ეს გახლავთ ყველაზე უგუნური ექსპერიმენტი კაცობრიობის ისტორიაში“, — აღნიშნა მასკმა.
მომზადებულია space.com-ის მიხედვით.