ილიაუნის ხელმძღვანელობა სტუდენტებთან შეხვედრაზე მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტრუქტურის გადახედვაზე შეთანხმდა
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელმძღვანელობა სტუდენტებთან შეხვედრაზე მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სტრუქტურის გადახედვაზე შეთანხმდა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, შეხვედრაზე საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღიათ, თუმცა მხარეები შეთანხმდნენ, რომ პროცესი სამუშაო რეჟიმში გადაინაცვლებს.
სტუდენტების თქმით, სტუდენტებს სურთ, ფაკულტეტი შეიცვალოს ბიზნესისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტად.
თემაზე სამსჯელოდ ადმინისტრაციას ორკვირიანი ვადა მიეცა, ამის შემდეგ აკადემიურმა პერსონალმა ფაკულტეტის ახალი სტრუქტურა უნდა წარადგინოს.
უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებების შესატანად შეიქმნება საუნივერსიტეტო სტუდენტური რეფორმების ჯგუფი, რომელიც სამთვიან ვადაში შეიმუშავებს რეკომენდაციებს ამ მიმართულებით.
დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა მსჯელობა მენეჯმენტის საკითხზე. სტუდენტებს გიორგი ქადაგიძის დეკანის პოსტზე დაბრუნებაზე აღარ უსაუბრიათ. მათი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, მოხდეს შეთანხმება ფაკულტეტის სტრუქტურაზე.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ამ დროისთვის უცნობია, რას გეგმავს სტუდენტთა მეორე ჯგუფი. ისინი სამომავლო გეგმაზე სამუშაო შეხვედრას ამ წუთებში მართავენ.