ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში 20-მდე სტუდენტი შიმშილობას აგრძელებს. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.
როგორც სტუდენტები აცხადებენ, პროტესტს არ შეწყვეტენ, რათა ყველამ დაინახოს, რამდენად მწვავეა საკითხი. მათივე თქმით, თანახმა არიან, შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, სადაც გაიმართება დისკუსიები.
„გიგა ზედანია დილით მოვიდა, გაგვესაუბრა და გვთხოვა, რომ შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ პროცესებში ჩაერთვება და გაიმართება გარკვეული დისკუსია. ის ამბობს, რომ მოგვისმენს. მივდივართ მოლაპარაკებაზე, რადგან თუ ერთი მხარე არ დათმობს, ისე ვერ მივაღწევთ სასურველ შედეგს”, – განაცხადა სტუდენტმა გიგი ნოზაძემ.
მისი ინფორმაციით, 18 თებერვალს გაიმართება ილიაუნის აკადემიური საბჭოს სხდომა, სადაც სტუდენტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი საკუთარ მოთხოვნებზე ისაუბრებს.
„პროტესტს არ ვწყვეტთ. გრძელდება შიმშილობა, რომ დავანახოთ, რამდენად მწვავეა საკითხი. მივმართეთ განათლების მინისტრს და ველოდებით მის მონაწილეობას ამ პროცესში. ძალიან გვაინტერესებს, რა პოზიცია აქვს მას და როგორ ჩაერთვება. ასევე, სახალხო დამცველსაც მივმართეთ. გავდივართ კონსულტაციებს არასამთავრობოებთან სამართლებრივ ჭრილში და ველოდებით მათგან კონკრეტულ განცხადებებს,” – განაცხადა გიგი ნოზაძემ.
ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები გიორგი ქადაგიძის ბიზნესის სკოლის დეკანის თანამდებობიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და უნივერსიტეტის რექტორის გიგა ზედანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვენ.