ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციების გაგრძელებას გეგმავენ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციების გაგრძელებას გეგმავენ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციების გაგრძელებას გეგმავენ. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

სტუდენტები იმ რეფორმის გადახედვას ითხოვენ, რომლითაც ბიზნესის სკოლა მენეჯმენტის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტს შეუერთდა და დამოუკიდებელი ერთეულის სტატუსი დაკარგა, რის შემდეგაც კი, ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე თანამდებობიდან გათავისუფლდა.

სტუდენტები დღეს შეხვდნენ სოფიო ლებანიძეს, რომელიც აკადემიურ საბჭოში ბიზნესის სკოლას წარმოადგენდა. ისინი დაინტერესდნენ, დაუჭირა თუ არა მან მხარი რეფორმას.

ლებანიძის განცხადებით, საბჭოს სხდომას, რომელზეც გადაწყვეტილებას კენჭი უყარეს, არ დასწრებია, თუმცა მასზე ინფორმაცია სამუშაო შეხვედრიდან მიიღო.

სტუდენტებს ჯერ არ აქვთ გადაწყვეტილი, შეხვდებიან თუ არა ხვალ უნივერსიტეტის რექტორ გიგა ზედანიას, რომელმაც შეხვედრა სოციალურ ქსელში დააანონსა და სტუდენტებს შესთავაზა, ყველა საკითხი პირადად მასთან განიხილონ.

ამასთან, დღევანდელ აქციაზე სტუდენტებმა აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების შემადგენლობის გაუქმება და ხელახალი არჩევნები მოითხოვეს.

შიდა რეორგანიზაციას მხარს არ უჭერს ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორებისა და აკადემიური პერსონალის ნაწილიც, რომლებმაც ბიზნესის სკოლისთვის სტატუ-კვოს დაბრუნებისა და პროცესში ყველა პირის ჩართულობის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ხელმოწერები გროვდება სტუდენტებშიც, რომლითაც ისინი განათლების სამინისტროსა და აუდიტის სამსახურს საუნივერსიტეტო ფინანსებითა და ახალი რეფორმის ეფექტურობით დაინტერესებას მოუწოდებენ.