ილია წულაია - ქალაქის მერის ინიციატივას დეველოპერული კომპანიები მოწონებით შეხვდნენ
თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივა, რომელიც მშენებლობებზე შრომის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის საჯარიმო სანქციების გაზრდას ითვალისწინებს, მისასალმებელია, – ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა ილია წულაიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით, ასევე, გაიზრდება სანქციები უნებართვო ან პროექტის დარღვევით მიმდინარე მშენებლობებზე.
“ყველა აღნიშნული ცვლილება აბსოლუტურ შესაბამისობაშია ჩვენი მოქალაქეებს მოთხოვნასთან, რომ შემცირდეს მსხვერპლი მშენებლობებზე და მოწესრიგდეს სამშენებლო სფერო. მინდა გითხრათ, რომ ქალაქის მერის აღნიშნულ ინიციატივას ყველა სერიოზული სამშენებლო თუ დეველოპერული კომპანია მოწონებით შეხვდა“, – განაცხადა ილია წულაიამ.
თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობასთან დაკავშირებული რეგულაციების დარღვევისთვის დადგენილი სანქციები მკაცრდება. შესაბამის ცვლილებებს “პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი ითვალისწინებს. დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერმა კახა კალაძემ სამუშაო შეხვედრა გამართეს.