ილია წულაია - საქართველოში ბინადრობის უფლების მიღებაზე არსებული რეგულაციებით ბევრი უცხოელი არაკეთილსინდისიერად სარგებლობს
ბოლო წლებში საქართველო მიგრანტებისთვის ძალიან მიმზიდველი ქვეყანა გახდა და ბევრი უცხოელი არსებული საკანონმდებლო რეგულაციებით არაკეთილსინდისიერად სარგებლობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ილია წულაიამ განაცხადა.
მისი თქმით, ხორციელდება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმად, საქართველოში ბინადრობის უფლების მიღება მნიშვნელოვნად იზღუდება.
„დღევანდელი კანონმდებლობით 35 000 აშშ დოლარის უძრავი ქონების შეძენის შემთხვევაში, უცხოელს შეუძლია მიიღოს საქართველოში ცხოვრების უფლება ერთი წლით. ეს ზღვარი ჩვენი კანონპროექტით გაზრდილია 100 000 დოლარამდე. ასევე თუ დღევანდელი რეგულაციით უცხოელს უძრავი ქონების გაყიდვის შემთხვევაშიც უნარჩუნდებოდა ერთწლიანი ბინადრობის უფლება, ახალი კანონით, თუ უცხოელი გაასხვისებს უძრავ ქონებას ბინადრობის უფლების მოქმედების ვადაში, ის ავტომატურად დაკარგავს ამ უფლებას. ანუ ფიქტიური გადაყიდვები, მხოლოდ ბინადრობის უფლების მიღების მიზნით შეუძლებელი გახდება“, – აღნიშნა დეპუტატმა.
თბილისის მერი კახა კალაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაზე კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. აღნიშნულ საკითხზე მან თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა და პარლამენტის წევრებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რათა ახალი რეგულაციები დროულად დამტკიცდეს. საკანონმდებლო ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები გოჩა ენუქიძე და ილია წულაია არიან.