ილია მეორემ სასტუმრო „ლეოგრანდთან“ ხანძრის დროს დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა
მთელმა საქართველომ მიიღო ეს, როგორც უდიდესი ტრაგედია, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ბათუმში განაცხადა, სადაც სასტუმრო „ლეოგრანდთან“ დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადა.
„საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ოჯახებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი უკვდავი სულები. ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო“, – აღნიშნა პატრიარქმა.
ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.
შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე გაჩნდა.