ილია მეორე - როდესაც მტერი ქართულ ენას ემუქრებოდა, ის ახალგაზრდებმა დაიცვეს, ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება
იმ დროს, როდესაც მტერი ქართულ ენას ემუქრებოდა, ის ახალგაზრდებმა დაიცვეს, ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ განაცხადა.
„დარჩა ორი კვირა და ზეიმით შევხვდებით ქრისტეს აღდგომის დღესასწაულს. დღევანდელი კვირა არის მარიამ ეგვიპტელის ხსენების დღე. მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება თქვენ იცით. ის ატარებდა თავისუფალ ცხოვრებას და შემდეგ სინანულით განიწმინდა, დაემსგავსა ანგელოზს. იმდენად მაღალი იყო მისი სულიერი ცხოვრება, რომ იორდანეს მდინარეზე ფეხით დადიოდა, როგორც დედამიწაზე. ჩვენ შევთხოვთ მარიამ ეგვიპტელს, მოგვცეს მშვიდობა და მოთმინება. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა თავისუფლებამ მიიღო რაღაც საოცარი სახე და იმედია, ქართველი ადამიანი გაუძლებს ამ განსაცდელს.
დღეს ასევე არის დიდი დღესასწაული, ხსენება ქართული ენისა. იმ დროს, როცა ქართულ ენას ემუქრებოდა მტერი, ქართველმა ახალგაზრდობამ დაიცვა ქართული ენა. ბედნიერი ვართ, რომ როდესაც საშიშროება ელოდება ხალხს, ჩვენ ვერთიანდებით. ეს ერთიანობა დღეს განსაკუთრებით გვჭირდება. ღმერთმა მოგვცეს ერთი სული, ერთი გული. სამწუხაროდ, ხდება, რომ ქართველი ხალხი ვერ უგებს ერთმანეთს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი“, – განაცხადა ილია მეორემ.
საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება.