ილია მეორე - მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტყიბულში ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს ავრცელებს.
სამძიმრის წერილი საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახანს მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.
აღვავლენთ ლოცვებს გარდაცვლილთა სულების საოხად, რათა უფალმან სავანესა მართალთასა დაუმკვიდროს პავლეს, გიორგის, ელგუჯას, გოგი-გიორგის, მირზასა და ბესარიონის უკვდავი სული. ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიანიჭოს მტკიცე რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება სიკვდილით, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ყველანი უნდა მოვემზადოთ. იმქვეყნად წასულთ კი ლოცვითა და ღვთის სათნო საქმეებით შევეწიოთ”, – აღნიშნულია წერილში.
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია სამი მეშახტე.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში მოხდა კედლების დეფორმაცია, რასაც ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის გამო საქართველოში დღეს გლოვის დღეა.