ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს უსამძიმრებს.

“საქართველოს ეკლესიის და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამ დიდი გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო “ლეოგრანდში” წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელისგან”, – აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრისას საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე დაიღუპა.

შსს-ს ინფორმაციით, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა 21 ადამიანს – არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაშავებულთა შორის არის შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთი მეხანძრე-მაშველი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას – სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევა იმის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

ხანძარი სასტუმროში 24 ნოემბერს, დაახლოებით 21:00 საათზე გაჩნდა.