ილია მეორე - ათეისტური სულისკვეთების მქონეებში სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული
ილია მეორე - ათეისტური სულისკვეთების მქონეებში სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული

სამწუხაროდ, ყოველთვის იყვნენ და ახლა, მით უმეტეს, მრავლად არიან კადნიერნი, რომელნიც უარყოფენ ღვთის არსებობას, ან შემოქმედს სამართალს უწუნებენ და მიაჩნიათ, რომ თვითონ უნდა შექმნან ახალი რეალობა, ახალი სამყარო, – აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის სააღდგომო ეპისტოლეში.

„ათეისტური სულისკვეთების მქონენი ეყრდნობიან თავის გონებას და იმ მონაცემებს, რისი შეცნობის საშუალებასაც ჩვენი გრძნობის ხუთი ორგანო იძლევა; მათ არ იციან და არც სურთ იცოდნენ რაიმე ადამიანის ბუნების საუკეთესო და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილზე, – სულიერ ცხოვრებაზე. მათთვის სიტყვა „ცოდვა“, „განწმენდა-კათარზისი“, ისეთივე გაუგებარია, როგორც „თავმდაბლობა“ ან „სინანულის განცდა“. ასეთთა შორის, როგორც წესი, სხეული და მიწა ბატონობს და არა ზეცა და სული.

ჯერ კიდევ ბრძენი სოკრატე ამგვარ კითხვას სვამდა ურწმუნოთა მიმართ: „თუ გონება და გრძნობა ტვინის თვისებად მიგაჩნიათ, მაშ რატომ აღარ მოქმედებს ეს უნარი სიკვდილის შემდეგ, ტვინი ხომ ისევ ადგილზე აქვს გარდაცვლილს”? და დასძენდა: ,,როგორც სულს ვერ ვხედავთ და არსებობს, ასევე ღმერთს ვერ ვხედავთ და არსებობს.  როგორც უსულოდ არ არსებობს სხეულის სიცოცხლე, ასევე უღმერთოდ, – საერთოდ ცხოვრება“.

რა თქმა უნდა, შეიძლება იცხოვრო ქრისტეს გარეშე, მისი სწავლების გარეშე, აქციო შენი თავი ვნებების სათარეშოდ, მაგრამ სიკვდილს ვერ დაემალები და ვერც საშინელ სამსჯავროს გადურჩები.

გარდაცვალება წერტილს უსვამს ჩვენს ყველა მიწიერ ოცნებასა და წარმავალ სურვილს; სიკვდილით აზრს კარგავს ყველაფერი, რაც ასე გვიყვარდა და შევნატროდით, ან რაც გვძულდა და სასიკვდილოდაც გვემეტებოდა. სამარესთან ამსოფლურ საცდურთა ნიღბები ცვივა და მწარე რეალობა დგება“, – აღნიშნავს ილია მეორე სააღდგომო ეპისტოლეში.