ილია ელოშვილი - კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების დაკმაყოფილება სერიოზულ სოციალურ პრობლემას მოაგვარებს, აგრეთვე სტიმულია ბიზნესისთვის
კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების ბინებით დაკმაყოფილება ქალაქისთვის სერიოზულ სოციალურ პრობლემას აგვარებს, აგრეთვე სტიმულია ბიზნესისთვის, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ილია ელოშვილმა აღნიშნა, კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების პრობლემა, ეს არის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, რომელიც ქალაქის წინაშე დგას.
„საქმე ეხება 3000 ოჯახს, რომლის წინაშე სახელმწიფომ თავი ვალდებულად ცნო, რომ დაეკმაყოფილებინა ისინი ბინებით, თუმცა ათწლეულებია ეს ადამიანები ელოდებიან ბინებს და მათი დაკმაყოფილება ვერ მოხერხდა. ჩვენ ვნახეთ სიტუაცია, რომ ზოგჯერ გაურკვეველი პრინციპებით ხდებოდა გარკვეული ჯგუფების დაკმაყოფილება. მაგრამ გადავწყვიტეთ სისტემურად შეგვეხედა ამ პრობლემისთვის. შესაბამისად, შევიმუშავეთ ისეთი მიდგომა, რომ გამოიყო 16 ჰექტარი მიწა, ძირითადად საბურთალოსა და დიღომში. ამ მიწებზე გამოცხადდება ტენდერი, მიწა სიმბოლურ ფასად გადაეცემა დეველოპერებს ტენდერის საფუძველზე, თუმცა ვალდებულებებით. განსაზღვრული იქნება მინიმალური რაოდენობა ბინების, მიწის ღირებულებიდან გამომდინარე, რომელიც უნდა გადმოეცეს აუცილებლად მერიას, ხოლო გამარჯვებული იქნება ის დეველოპერი, რომელიც ყველაზე მეტ რაოდენობას სოციალური სახლებს გააკეთებს. შესაბამისად, მინიმუმ 800 ოჯახს პირველ ეტაპზე და იმედი გვაქვს, კონკურენციის გზით, 800ზე მეტ ოჯახს დავაკმაყოფილებთ”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის მერია აპირებს, რომ მომდევნო 3-4 წლის პერიოდში ეს პრობლემა მოუხსნას ქალაქს.
როგორც ილია ელოშვილი აცხადებს, პირველ რიგში დაკმაყოფილდებიან ყველაზე მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახები.
„კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულების ბინებით დაკმაყოფილება სერიოზულ სოციალურ პრობლემას აგვარებს ქალაქისთვის, აგრეთვე სტიმულია ბიზნესისთვის, რათა დაკმაყოფილდეს 800 ოჯახი. საჭირო იქნება სერიოზული მშენებლობების წარმოება 16 ათას ჰექტარზე, საუბარია ასი ათასობით კვადრატულ მეტრზე ახალ მშენებლობებზე, ეს არის საკმაოდ საინტერესო, ბიზნესს აინტერესებს. წინასწარ გვქონდა გარკვეული კონსულტაციები. მინდა, ხაზი გავუსვა, გამარჯვებული დეველოპერები გამოვლინდებიან აბსოლუტურად გამჭვირვალე და კონკურენტული ტენდერების შედეგად”, – განაცხადა ილია ელოშვილმა.