ილია ელოშვილი - გენგეგმაზე მუშაობის პროცესში კერძო საკუთრების ცნება მთლიანად არის იგნორირებული
ილია ელოშვილი - გენგეგმაზე მუშაობის პროცესში კერძო საკუთრების ცნება მთლიანად არის იგნორირებული

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება.

„ეს არ არის განახლებული გენგეგმა და არ არის სამუშაოდ გამოსაყენებელი დოკუმენტი, რიგი მიზეზების გამო: როგორც შემდგომში დოკუმენტში იკითხება, გენგეგმის შემუშავების პროცესში ჩვენ არ გაგვაჩნია სტრატეგია გამწვანების შესახებ, სტრატეგია ფონდების შესახებ, სტრატეგია ავარიული სახლების ჩანაცვლების, ტრანსპორტის სტრატეგია და ბევრი სხვა სტრატეგია, რომელიც უნდა იყოს განმსაზღვრელი. ამას ემატება ის, რომ მუშაობის პროცესში მთლიანად იგნორირებულია კერძო საკუთრების ცნება, რადგან ჯგუფის განცხადებით, მათ არ ევალებოდათ ამის ანალიზი. ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება ემყარება თეზისს, რომ „ჩვენ შემოგთავაზეთ, ხოლო შემდგომში თუ რა შედეგს გამოიღებს ეს ყველაფერი კერძო საკუთრების ან ბიზნესის განვითარების კუთხით, ეს უკვე თქვენ თვითონ გაარკვიეთ“, – აცხადებს მერის მოადგილე.

მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი „სითი ინსტიტუტის“ ხედვას წარმოადგენს და არა არსებული გენგეგმის განახლებულ ვარიანტს.

„ეს არის „სითი ინსტიტუტის“ ხედვა, როგორი უნდა იყოს ქალაქი, შემდგომში ამის განხორციელება მთლიანად გადმოდის მერიაზე, შესაბამისად, საჭიროა რიგი სერიოზული კვლევებისა და პროექტების განხორციელება, რათა საბოლოო ჯამში ჩავთვალოთ, რომ ჩვენ გვაქვს განახლებული ვარიანტი იმ გენგეგმისა, რომლითაც, ცუდია თუ კარგია, ხელმძღვანელობს მერია და ქალაქი“, – განმარტავს ილია ელოშვილი.

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დოკუმენტის საბოლოო ვერსიის საჯარო განხილვა ამჟამად სასტუმრო „ბილტმორში“ მიმდინარეობს.

გენგეგმის დოკუმენტი „სითი ინსტიტუტის“ მიერ არის მომზადებული. აღნიშნულ დოკუმენტზე დედაქალაქის მთავრობას აქვს შენიშვნები.

როგორც ილია ელოშვილმა განმარტა, გენერალური გეგმის ავტორების მიერ არ არის შემოთავაზებული, როგორ უნდა განხორციელდეს დოკუმენტში გაწერილი ძირითადი კონცეფციები. მისივე თქმით, გენგეგმის არსებული ვერსიით მიღების შემთხვევაში, ნებისმიერ ინვესტორს გაუჩნდება განცდა, რომ მშენებლობა შეუძლია ყველგან.