ილია დარჩიაშვილმა კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული საქმიანობისთვის პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა
ილია დარჩიაშვილმა კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული საქმიანობისთვის პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ყველა სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩვენმა ქვეყანამ აქტიური და დინამიური საგარეო პოლიტიკა აწარმოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, როდესაც მთავრობის მეთაური უშუალოდ არის ჩართული დინამიური და შედეგიანი საგარეო პოლიტიკის წარმოებაში, ეს თითოეულ მინისტრს, ელჩს თუ ნებისმიერ დიპლომატს უადვილებს, ემსახუროს ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა „ელჩების კონფერენცია 2023-ზე“ განაცხადა.

ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრმა უწყების სახელით, მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს უშუალო ჩართულობისთვის.

„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც მუშაობის პროცესში მთავრობის მეთაური პირადად, დინამიურად არის ჩართული ამ საქმეში. ასევე უწყების სახელით მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ჩვენი სამინისტროს, ჩვენი უწყების მხარდაჭერისთვის. თქვენი მხარდაჭერის გარეშე ვერ შევძლებდით იმ რეფორმების გატარებას, რომელიც არ არის მოკლევადიანი, არის გრძელვადიან პერსპექტივაში და თითოეული დიპლომატის სახელით მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა მადლობა გადაუხადა პარლამენტის თავმჯდომარეს კანდიდატის სტატუსისთვის გაწეული საქმიანობისთვის.

„მადლობა უშუალოდ მას, მის აპარატს, რომელთანაც ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა და კოორდინაცია გვქონდა. მადლობა პარლამენტის თითოეულ წევრს, მმართველი გუნდის თითოეულ წევრს ამ ძალიან ისტორიული და მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევასა და ჩართლობისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ძალიან მჭიდრო ახლო კოორდინაცია მომავალშიც გაგრძელდება და ერთად გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების სამსახურს“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.