ილია დარჩიაშვილი - თავისუფალი არჩევნების შესახებ რეკომენდაცია მოულოდნელი არ არის, ის თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ინტერესთან, რომ მორიგი არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იყოს
ილია დარჩიაშვილი - თავისუფალი არჩევნების შესახებ რეკომენდაცია მოულოდნელი არ არის, ის თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ინტერესთან, რომ მორიგი არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იყოს

თავისუფალი არჩევნების შესახებ რეკომენდაცია მოულოდნელი არ არის და ის თანხვედრაშია ჩვენი ხელისუფლების ინტერესთან და ძალისხმევასთან, რომ თითოეული მორიგი ახალი არჩევნები იყოს წინამორბედ არჩევნებზე უკეთესი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა უპასუხა გადაცემის წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს ახალ რეკომენდაციებში მითითება, რომ ევროკავშირი საქართველოსგან ღია, თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ელოდება და ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ჩვენ ასეთი არჩევნების ჩატარების პრაქტიკა არ გვაქვს და უნდა დავნერგოთ.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში ჩვენ ეს არაერთხელ დავამტკიცეთ. ჩვენი ხელისუფლების ინტერესია, საქართველომ ჩაატაროს ღია, კონკურენტუნარიანი და ტრანსპარენტული არჩევნები. ამისთვის ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და, რა თქმა უნდა, ამ პროცესს ზურგს უმაგრებს ჩვენ მიერ ჩატარებული არჩევნების გამოცდილება, რომლებთან მიმართებაშიც ჩვენ საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ხელისუფლება ამ დინამიკას შეინარჩუნებს და მეტიც, ხელისუფლებამ არაერთი სამართლებრივი ცვლილება განახორციელა, რათა საარჩევნო სისტემა კიდევ უფრო გამართული და ტრანსპარენტული იყოს.

„იმისთვის, რათა მაქსიმალურად შევძლოთ და მოვახერხოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში არჩევნებთან მიმართებაში არანაირი კითხვის ნიშნები არ არსებობდეს. ჩვენ გვაქვს ამის პრაქტიკა და ამას მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

შეკითხვაზე, რას ნიშნავს რეკომენდაციების მეორე პუნქტი – საქართველოს საგარეო პოლიტიკის თანხვედრის უფრო მეტად დაახლოება ევროკავშირთან და რით დგინდება, რამდენი პროცენტით არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკა თავსებადი ორგანიზაციის საგარეო პოლიტიკურ ორიენტირებთან, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ, დღევანდელი მოცემულობით, პოლიტიკის სწორებასთან დაკავშირებით საქართველოს საკმაოდ შთამბეჭდავი დინამიკა აქვს.

„გენერალურად თუ ავიღებთ, ზოგადად, პარტნიორების მსგავსად, დაახლოებით, 80%-ზე მეტია საქართველოს პოზიციონირება საერთაშორისო ორგანიზაციებში. საკითხი ეხება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას და ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური შედეგები. ეს შესაბამისად იქნა აღქმული და შეფასებული ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდანაც. ვფიქრობ, ერთადერთი დამაბრკოლებელი ის არის, როდესაც ჩვენ ზოგიერთ შემთხვევაში თავს ვიკავებთ რომელიმე ტიპის პოზიციასთან მიერთებაზე, რაც ბოლო პერიოდში ძალიან იშვიათად ხდება. ეს გამომდინარეობს ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის თემატიკიდან და ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მათი დაკვეთით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.