ილია დარჩიაშვილი - შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება
შავი ზღვის კაბელი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, მსგავსი პროექტები ევროკავშირისგან მომავალშიც მხარდაჭერილი იქნება.
„ერთია პოლიტიკური ინტეგრაცია, პოლიტიკური ასოცირება ევროკავშირთან და მეორე არის ჩვენი ფიზიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. სწორედ ეს პროექტი იქნება ერთ-ერთი საფლაგმანო პროექტი, რომ მომავალში გავაგრძელოთ ევროკავშირთან ფიზიკური პროექტების განხორციელება. ჩვენი პარტნიორების განწყობა ევროკავშირიდან იყო, რომ მსგავსი პროექტები მომავალშიც იქნება ძალიან მკაფიოდ მხარდაჭერილი. ჩვენ გვაქვს იმედი ევროკავშირის ძლიერი ჩართულობის, რადგან ეს ურთიერთსარგებელზე დაფუძნებული ურთიერთობაა. საქართველოს აქვს განსაკუთრებული როლი, განსაკუთრებით, დღეს ენერგოუსაფრთხოების თვალსაზრისით. ჩვენ, როგორც ევროკავშირისა და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების სანდო და ერთგული პარტნიორი, მომავალშიც გავაგრძელებთ ღირებული და ძლიერი კონტრიბუციის განხორციელებას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ელექტროენერგიის კაბელის პროექტს დააფინანსებს.