ილია დარჩიაშვილი - ხელისუფლება დაინტერესებულია ტრანსფარენტული, კონკურენტუნარიანი არჩევნების ჩატარებით, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ჩვენთან ერთად ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი ნაწილია თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით 2024 წელს და ეუთო/ოდირის რეკომენდაციების სრულად გათვალისწინება, არჩევნების დღემდე გაცილებით ადრე საარჩევნო რეფორმების დასრულება, მათ შორის ამომრჩევლის ადეკვატური წარმომადგენლობის უზრუნველყოფა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოხატა მზაობა, რომ ძალიან მჭიდროდ ითანამშრომლებს ოდირთან, რადგან ოდირი არის მთავარი ორგანიზაცია, რომელიც აკვირდება არჩევნებს.
„ჩვენ ტრადიციულად, ძალიან თანმიმდევრულად გავაგრძელებთ მათთან მუშაობას. წლის დასაწყისში უზრუნველვყოფთ ოფიციალური შეტყობინების გაგზავნას ოდირში, რადგან ოქტომბერში ვგეგმავთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და გამოვხატავთ საქართველოში როგორც გრძელვადიანი, ისე მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიების მიღების მზაობას. არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაინტერესებულია, რაც შეიძლება ტრანსფარენტული, რაც შეიძლება კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩაატაროს ქვეყანაში, ეს ჩვენი მთავარი ინტერესია. შესაბამისად, ვითანამშრომლებთ ყველასთან, ვინც ჩვენთან ერთად ამ მნიშვნელოვან პროცესში მიიღებს მონაწილეობას. საარჩევნო კოდექსში გასატარებელი ცვლილებები, პარტიების, არჩევნების დაფინანსების საკითხებზე, საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე პერიოდში უზრუნველყო შესაბამისი ცვლილებების გატარება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.