ილია დარჩიაშვილი - საქართველო ევროკავშირისთვის კვლავ სანდო პარტნიორად რჩება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, ძალიან მალე ჩვენ კონკრეტული, ხელშესახები შედეგები გვექნება
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ტრადიციულად, როგორც აქამდე, მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს პარტნიორებთან ორმხრივ ფორმატში აქტიურად მუშაობას, ეს ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და მომავალში აუცილებლად გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ლუქსემბურგში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო იმუშავებს პარტნიორებთან იმისთვის, რომ გაუმყარდეთ ის განწყობები, რაც საქართველოს მიმართ აქვთ.
„თუმცა როდესაც ვსაუბრობთ ჩვენი პარტნიორებისა და ევროკავშირის მხრიდან პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე, დღევანდელი დღეს არის იმის კარგი მაგალითი, რომ საქართველო ევროკავშირისთვის კვლავ სანდო პარტნიორად რჩება და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სწორედ ეს არის პოლიტიკური გზავნილი ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომ საქართველო აგრძელებს ამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესში მონაწილეობას და ძალიან მალე ჩვენ გვექნება კონკრეტული, ხელშესახები შედეგები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ქალაქ ლუქსემბურგში საქართველოს გადმოეცა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების კითხვარი, რომლის საფუძველზეც ევროკომისია მოამზადებს საკუთარ შეფასების ანგარიშს (Opinion), ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. კითხვარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გადასცა.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 2 მარტს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი დაუყოვნებლივ წარედგინა. 3 მარტს კი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადს ხელი მოაწერა.