საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 20-23 აპრილს სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას ეწვევა, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები იტალიის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
ილია დარჩიაშვილი შეხვდება იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრს, ანტონიო ტაიანის.
ილია დარჩიაშვილი და ანტონიო ტაიანი ხელს მოაწერენ იტალიასა და საქართველოს შორის მაღალი დონის დიალოგის ინიცირების შესახებ დეკლარაციას; ასევე, საქართველოსა და იტალიას შორის კულტურისა და მეცნიერების სფეროში 2023-2027 წლებისთვის აღმასრულებელ პროგრამას.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება იტალიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს.