ილია დარჩიაშვილი - რეკომენდაციები შესრულდა, გრძელდება მსჯელობა ბრიუსელთან, რათა ამა თუ იმ საკითხზე მოლოდინები შეჯერდეს
ილია დარჩიაშვილი - რეკომენდაციები შესრულდა, გრძელდება მსჯელობა ბრიუსელთან, რათა ამა თუ იმ საკითხზე მოლოდინები შეჯერდეს

არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ, ერთი მხრივ, ევროკავშირთან ძალიან დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს და, მეორე მხრივ, ვმუშაობთ კონკრეტულად ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, რათა ვუთხრათ მათ იმ კონკრეტული სამუშაოს შესახებ, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გასწია 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

დარჩიაშვილის თქმით, რეკომენდაციები შესრულდა და არის საკითხები, რომელზეც გრძელდება მსჯელობა ბრიუსელთან, რათა, საბოლოოდ, ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოლოდინები შეჯერდეს.

„ეს არის მუდმივი პროცესი. ჩვენს ქვეყანას გრძელვადიან რეჟიმში აქვს აღებული ვალდებულებები ჩვენი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგის განხორციელების და დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს მიერ, ჩვენი ხელისუფლების მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ იქნება აღქმული ყველას მხრიდან, მათ შორის ხორვატიის რესპუბლიკის მხრიდან“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ხორვატიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივი განცხადებებისას ნამდვილად ჰქონდა კონკრეტული გზავნილები.

„დადებითად შეაფასა ჩვენი გაწეული ძალისხმევა და დარწმუნებული ვარ, ეს დიდი ძალისხმევა, რომელიც გავწიეთ და ვაგრძელებთ, მომავალშიც დადებითად იქნება ასახული ჩვენს ევროპულ ინტეგრაციაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი პლენკოვიჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა: „მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროკომისიის ვალდებულებებს ასრულებს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებებს, გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი“.