ილია დარჩიაშვილი - ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიზანი, ეს არის გარანტია ქვეყნის გრძელვადიანი დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისთვის
ქართველებისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაცია უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მიზანი. ეს არის სტრატეგიული ხედვა და გარანტია ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და უსაფრთხოებისათვის, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც ორგანიზაციის დაარსების 74-ე წლისთავს მიეძღვნა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ნატო-ს გაფართოების პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ხელი შეუწყო როგორც თავისუფლების, კანონის უზენაესობის, დემოკრატიისა და ინდივიდუალური თავისუფლების განმტკიცებას, ისე ახალი წევრი ქვეყნების გაძლიერებას.
„დღეს ნამდვილად ისტორიული დღეა ნატო-სთვის, რადგან კიდევ ერთ, ოცდამეთერთმეტე წევრს, ფინეთს მიესალმებიან ალიანსში. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანი დღეა ფინეთის უსაფრთხოებისთვის, ნორდიკული უსაფრთხოებისთვის და მთლიანად ნატო-სთვის“. მოკავშირეები ასევე შეთანხმებული არიან, რომ შვედეთის გაწევრიანების პროცესიც უახლოეს მომავალში უნდა დასრულდეს. საქართველო მიესალმება ალიანსის ამ გადაწყვეტილებებს, რაც კიდევ ერთი დემონსტრირებაა იმისა, რომ ნატო ყოველთვის ასრულებს მიღებულ გადაწყვეტილებებს,“ – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
სიტყვით გამოსვლისას საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ ასპირაციებზე:
„დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ის გზა, რომელიც ქართველმა ხალხმა ევროატლანტიკურ ერთობაში თავისი ადგილის მოსაპოვებლად გამოიარა, განუზომელია. იმ ქართველი ჯარისკაცების ღვაწლი, რომლებმაც საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას თავი შესწირეს, კარგად არის ცნობილი, განსაკუთრებით, აქ მყოფი საზოგადოებისთვის.
აღსანიშნავია, რომ ნატო-ს დახმარებითა და მხარდაჭერით საქართველომ მნიშვნელოვნად განავითარა თავდაცვისა და შეკავების შესაძლებლობები,“ – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი მოკავშირეების მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.