ილია დარჩიაშვილი - პრემიერმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა რეფორმების განხორციელების და დემოკრატიის ტრანსფორმაციის გზაზე
ილია დარჩიაშვილი - პრემიერმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც საქართველომ გადადგა რეფორმების განხორციელების და დემოკრატიის ტრანსფორმაციის გზაზე

რეიკიავიკში ვიზიტის ფარგლებში ვისაუბრეთ გამოწვევებზე ჩვენს რეგიონში, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ეს კონკრეტული საუბრები იყო ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი. ჩვენგანაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც, გაკეთდა კონკრეტული აქცენტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რეიკიავიკის სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და დელეგაციის შეხვედრების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და პოზიტიურად შეაფასა სამიტზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

მისი თქმით, პრემიერმა ისაუბრა იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა რეფორმების განხორციელების და დემოკრატიის ტრანსფორმაციის გზაზე.

„დღეს სრულდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი რეიკიავიკში. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დელეგაციასთან ერთად მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს რიგით მეოთხე, უმნიშვნელოვანეს სამიტში. ეს სამიტი ინტენსიურობით არ გამოირჩევა და დღეს არსებულ გლობალურ გეოპოლიტიკურ გარემოში ამ სამიტის გამართვას აქვს თავისი დიდი დატვირთვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა ინტერვენცია, სადაც ისაუბრა ყველა იმ პრინციპზე და ყველა იმ დემოკრატიულ ღირებულებაზე, რომელზეც დგას ეს ორგანიზაცია და იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა რეფორმების განხორციელების და დემოკრატიის ტრანსფორმაციის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო უმნიშვნელოვანესი მრგვალი მაგიდის განხილვაში, სადაც საკითხი ეხებოდა, თუ როგორ გავაძლიეროთ დემოკრატია და მედეგობა გამოწვევებით სავსე მსოფლიოში.

„აქაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა შესაძლებლობა, ესაუბრა საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, ჩვენს დაახლოებაზე ევროპულ ოჯახთან. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფორმატებში საუბარი გვქონდა იმ საკანონმდებლო პროცესებზე, რომლებიც საქართველოში განხორციელდა 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. საქართველო მყარად, თანმიმდევრულად ახორციელებს ამ რეფორმებს 12 პუნქტის შესრულების მიმართულებით. ზოგადად, მინდა, აღვნიშნო, რომ განწყობაც ლიდერებთან პრემიერ-მინისტრის შეხვედრებიდან ძალიან პოზიტიურია. ვისაუბრეთ, ზოგადად, გამოწვევებზე ჩვენს რეგიონში, მათ შორის უსაფრთხოების გამოწვევებზე და ეს კონკრეტული საუბრები იყო ძალიან საინტერესო, იმედის მომცემი. ჩვენგანაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრისგანაც, გაკეთდა კონკრეტული აქცენტები, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.