ილია დარჩიაშვილი - მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობას ბოლო რვა-ცხრა წლის განმავლობაში ჰქონდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, რამაც დააახლოვა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან
უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, რომელიც ევროპულმა საბჭომ მიიღო, ეს არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობას ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ჰქონდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, რამაც დააახლოვა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ყოველდღიური აქტივობები აქვს, რომ დღის წესრიგის ფარგლებში დაჩქარდეს ვროპული ინტეგრაცია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ნატო-ს სამიტზე ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა ორმხრივი, უმნიშვნელოვანესი შეხვედრები საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ბატონ მიშელთან და ასევე ჰქონდა შესაძლებლობა, შეხვედრა გაგვემართა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში პრეზიდენტ მაკრონთან და მიშელთან, რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს საუბარი ჰქონდა ჩვენი მომავალი ევროპული ინტეგრაციის იმ კონკრეტული მიმართულებების, რომელიც განსაზღვრული იქნა რეკომენდაციებში და საქართველო მაქსიმუმს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რეკომენდაციის ფარგლებში აჩქარდეს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და რაც შეიძლება მალე ქვეყანამ მიიღოს სტატუსი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, გავხსნათ დიალოგი ჩვენი მომავალი წევრობის ევროკავშირში. მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობას ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ჰქონდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები, რამაც დააახლოვა ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან. შესაბამისად, ეს არის მთავარი ხაზი, რომელსაც ჩვენი მთავრობა ატარებს, ეს არის მთავარი ხაზი, რომელსაც მმართველი პარტია ატარებს მთავრობასთან ერთად და ეს არის ჩვენი ყოველდღიური აქტივობები იმისთვის, რომ ჩვენი დღის წესრიგის ფარგლებში დავაჩქაროთ ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება მუშაობა ევროპელ პარტნიორებთან, ევროკომისიასთან, რომ პროცესი იყოს დინამიური.
„აღსრულების ნაწილში საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრს აქვს მთავარი როლი ამ პროცესში. ჩვენთვის ყველაზე მთავარი დოკუმენტი ევროინტეგრაციის, ეს არის ევროკავშირთან შეთანხმებული ასოცირების დღის წესრიგი, რომელშიც სრულად არის გაწერილი ის ვალდებულები, ის რეფორმები, რომელიც ავიღეთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად და სწორედ ასოცირების დღის წესრიგის დოკუმენტის პარალელურად, ჩვენ ძალიან ახლოს ვიმუშავებთ ევროკომისიასთან, რომ მოვახდინოთ ბოლომდე იმ რეკომენდაციების იდენტიფიცირება იმ კუთხით, რომ განვსაზღვროთ ის მოლოდინები, რომელიც ორივე მხარეს არის ამ რეკომენდაციებთან მიმართებაში, რათა ჩვენ, საქართველოს მთავრობამ, რაც შეიძლება მალე, ასოცირების დღის წესრიგის აღსრულების პარალელურად ვიმუშაოთ იმ რეკომენდაციებზე, რომელიც მოცემულია. საქართველოს მთავრობას არასდროს ჰქონია პრობლემა ესაუბრა მზაობაზე ამ პროცესში კოორდინაციისა და თუ დააკვირდებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადებებს, აქაც არის მზაობა საქართველოს მთავრობის, რომ ამ პროცესში იყოს ჩართული მაქსიმალური ინკლუზიურობით და ჰქონდეს კონკრეტული შედეგები. არის რეკომენდაციებში საკითხები, რომელსაც სჭირდება უფრო მეტი იდენტიფიცირება, თუ როგორ გაიზომება ის შედეგები. ამიტომ, ჩვენ მაქსიმალურად ახლოს ვიმუშავებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, რათა მოლოდინები, გაზომვადობა იმ რეკომენდაციების, რომელიც მივიღეთ, იყოს განსაზღვრული და იდენტიფიცირებული. საქართველოს მთავრობა მზად არის, ამ მიმართულებით აქტიურად იმუშაოს. საგარეო საქმეთა სამინისტრო, საქართველოს მთავრობა ყოველთვის მუდმივ კომუნიკაციაში არის ევროკომისიასთან, ევროპულ საბჭოსთან. პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრებიც სწორედ ამაზე მეტყველებს და შესაბამისად, ჩვენი მისიის საშუალებით, ჩვენი სამინისტროს ჩართულობით ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ მუშაობას ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკომისიასთან, რომ ეს პროცესი იყოს დინამიური და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.