ილია დარჩიაშვილი - კომუნიკეში ჩანაწერი ახალ მუხტს მოიტანს ნატო-საქართველოს ურთიერთობებში, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საქართველოს ძალისხმევას უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ნატო-ს ვილნიუსის სამიტი, ბევრი განზომილების თვალსაზრისით, საქართველოსთან მიმართებით შედეგიანი იყო.
დარჩიაშვილის თქმით, კომუნიკეში ჩანაწერი აუცილებლად მოიტანს ახალ მუხტს ნატო-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებით.
„ვფიქრობ, რომ ძალიან მკვეთრად და ცალსახად გაუმჯობესდა ნარატივი საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ იქნა ხაზგასმული საქართველოს ძალისხმევა საერთშორისო პარტნიორებთან ერთად მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. ძალიან მყარად იქნა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი მხარდაჭერილი. რა თქმა უნდა, ეს გააძლიერებს ნატო-სთან ჩვენი ქვეყნის ურთიერთობას“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ნატო-ს ვილნიუსის სამიტის პირველი დღის შემდეგ გამოქვეყნებულ კომუნიკეში ნათქვამია, რომ ადასტურებენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი და წევრობის სამოქმედო გეგმა არის პროცესის განუყოფელი ნაწილი.