ილია დარჩიაშვილი - ჯოზეფ ბორელს გავუზიარეთ კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა, განწყობა პოზიტიურია, რასაც ზურგს უმაგრებს ევროკომისიის დასკვნა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან, ჯოზეფ ბორელთან შეხვედრაზე 12 პუნქტსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.
როგორც დარჩიაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, განწყობა პოზიტიურია, რასაც ზურგს ევროკომისიის დასკვნა უმაგრებს.
„ბატონ ბორელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის იმ საკითხებზე, რომლებიც დღეს განხილვის საგანია. ეს არის 12 პუნქტი. გვქონდა შესაძლებლობა, ბორელისთვის გამეზიარებინა ის გადაწყვეტილი კონკრეტული ნაბიჯები, რაც ჩვენმა ქვეყანამ გადადგა. მე მას გავუზიარე, რომ სულ ახლახან ჩვენ მივიღეთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, რომლებიც იქნება პარლამენტში პოლიტიკური განხილვების ახალი ფაზა. საქართველოს პარლამენტის მმართველი გუნდი, როგორც მანამდე, ახლაც შეეცდება, პროცესი წარმართოს ინკლუზიურად, რადგანაც მიგვაჩნია, რომ, როგორც მანამდე მიღებული კანონები და რეკომენდაციები, რომლებიც უკვე შესრულდა, ეს პროცესიც მაქსიმალური ინკლუზიურობით წარიმართება. დარწმუნებული ვართ, უახლოეს თვეებში საქართველოს უკვე ექნება შესაძლებლობა, თქვას, რომ 12 პუნქტი შესრულებულია და 12 პუნქტთან მიმართებაში საქართველომ თავისი ვალდებულებები შეასრულა.
ვისაუბრეთ ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. ბატონი ბორელისთვის საქართველოში მიმდინარე პროცესები საინტერესოა. როგორც იცით, საქართველო, როგორც მომავალი წევრი და ქვეყანა, რომელიც ელოდება კანდიდატის სტატუსს, ყველა განზომილებაში, ყველა მიმართულებით მნიშვნელოვანია. მე მაქსიმალურად ვეცადე, მისთვის სიღრმისეულად გამეზიარებინა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, ის გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მმართველმა გუნდმა მიიღო კანონთან მიმართებაში, რომელმაც ცალსახად მოიტანა დადებითი იმპულსი ჩვენს ევროპელ პარტნიორებში და დარწმუნებული ვარ, მომავალში მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურ პროცესებზე გვექნება საუბარი. განწყობა პოზიტიურია, ამ განწყობას ზურგს უმაგრებს ის ბოლო ანალიტიკური დასკვნა, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ. ამ დასკვნის დადებითი ეფექტი იგრძნობა ყველა შეხვედრაზე, ევროკავშირის ყველა ოფიციალურ პირთან. დარწმუნებული ვარ, სწორედ ეს პოზიტივი შექმნის ძალიან მყარ საფუძველს, რომ ჩვენ მომავალში დავაშენოთ პოზიტიური განვითარებები ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.