ილია დარჩიაშვილი - გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დაუფასდება მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ბოლო წლებში გავიარეთ, ვფიქრობ, კანდიდატის სტატუსზე იქნება ერთიანობის პრინციპი
ჩვენს პარტნიორებთან მთავარი გზავნილი არის, რომ ტრიოს ერთიანობა მნიშვნელოვანია მოცემულ მომენტში, შესაბამისად, ეს გზავნილი გაზიარებული გვაქვს პარტნიორებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე უნდა იყოს ინდივიდუალური მიდგომა, თუ ტრიოს ფორმატი.
დარჩიაშვილის თქმით, ამ პროცესში ტრიოს ფორმატის ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებს გავუზიაროთ ჩვენი შეხედულება და მიგვაჩნია, რომ ტრიოს ფორმატის ერთიანობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იქნება მთავარი სიგნალი, რომ ასოცირებულმა სამმა წევრმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს სვლა ევროინტეგრაციის გზაზე, ამიტომ ჩვენს პარტნიორებთან ჩვენი მთავარი გზავნილიც არის, რომ ტრიოს ერთიანობა მნიშვნელოვანია მოცემულ მომენტში, შესაბამისად, ეს გზავნილი გაზიარებული გვაქვს ჩვენი პარტნიორებისთვის“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
რაც შეეხება იმას, როგორი იქნება გადაწყვეტილება, მინისტრის განმარტებით, ამ საკითხზე კონკრეტულად დღეს არავინ საუბრობს ინდივიდუალურ ფორმატში, რადგან პროცედურულად პირველ რიგში ევროკომისიამ უნდა მოამზადოს დასკვნა, რომელიც იქნება დოკუმენტი, რაზე დაყრდნობითაც უკვე ევროკავშირის საბჭოზე მოხდება საქართველოსა და სხვა ასოცირებული ქვეყნების შემდგომი ინტეგრაციის გადაწყვეტილება.
„ამიტომ კონკრეტული ხედვა დღეს ჩვენს პარტნიორებთან ამ მიმართულებით არ არის ჩამოყალიბებული. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ნამდვილად დაუფასდება ის ძალიან მნიშვნელოვანი გზა, რომელიც ჩვენ გავიარეთ ბოლო წლების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილებაც იქნება ადეკვატური და ერთიანობის პრინციპი, რომელიც გვინდა, რომ დაცული იყოს, რა თქმა უნდა, იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.