ილია დარჩიაშვილი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ, ე.წ ჯიმნიჩის შეხვედრაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
პრაღა ორი დღის განმავლობაში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას უმასპინძლებს. 27 წევრი სახელმწიფოს პირველი დიპლომატები ორი დღის განმავლობაში მიმდინარე და აქტუალურ საკითხებზე იმსჯელებენ.
დღეს სესიის პირველი ნაწილი აფრიკის კონტინენტის ქვეყნებთან ურთიერთობას დაეთმობა, უკვე ხვალ დილიდან კი , ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინაში ომის მიმდინარეობის ექვსი თვე და ევროკავშირის სამოქმედო გეგმაა. სწორედ ამ კონტექსტში მინისტრები იმსჯელებენ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის აკრძალვაზე, რასთან დაკავშირებითაც წევრ სახელმწიფოებში განსხვავებული პოზიციებია.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი მინისტრების შეხვედრის პირველი ნაწილის შემდეგ, საგარეო საქმეთა მინისტრებთან დისკუსიაში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელები ჩაერთვებიან. სამუშაო ლანჩის ფორმატში შედგება მსჯელობა სამი ასოცირებული ქვეყნის პერსპექტივებზე და ე.წ ასოცირებულ ტრიოსთან ევროკავშირის სამომავლო თანამშრომლობაზე იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინასა და მოლდოვას ევროპულ პერსპექტივასთან ერთად, უკვე კანდიდატის სტატუსი აქვთ, ასევე ევროპული პერსპექტივის სტატუსის მქონე საქართველო კი, კანდიდატის სტატუსის მისაღებად რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობას.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტერიალში მონაწილეობის გარდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვედრები ექნება უცხოელ კოლეგებთან. ილია დარჩიაშვილს ორმხრივი შეხვედრები ექნება უკრაინის, მოლდოვის, ესტონეთის, ესანეთისა და ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.