ილია დარჩიაშვილი ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარეს, მალტის საგარეო საქმეთა მინისტრს, იან ბორგს შეხვდა
2024 წლის 17 თებერვალს მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში ილია დარჩიაშვილმა შეხვედრა გამართა ეუთო-ს მოქმედ თავმჯდომარესთან, მალტის საგარეო, ევროპულ და ვაჭრობის მინისტრთან, იან ბორგთან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს ეუთო-ს თავმჯდომარეობის ფარგლებში მალტის პრიორიტეტები და არსებული გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა.
„მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას ეუთო-ს მაღალი დონის დღის წესრიგში საქართველოს საკითხის შენარჩუნებისთვის.
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს. ხაზი გაესვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკური მისწრაფების მიმართ მალტის მტკიცე მხარდაჭერას. დაიგეგმა უახლოეს პერიოდში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარის საქართველოში ვიზიტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.