ილია დარჩიაშვილი - საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობს ნატო-ს სამიტში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია და ასევე არის გზავნილი, რომ საქართველო ალიანსის ძლიერი მოკავშირეა 
ილია დარჩიაშვილი - საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობს ნატო-ს სამიტში, რაც მნიშვნელოვანი ფაქტია და ასევე არის გზავნილი, რომ საქართველო ალიანსის ძლიერი მოკავშირეა 

აშშ-ის დედაქალაქში იმართება უმნიშვნელოვანესი სამიტი. ძალიან მნიშვნელოვანია ფაქტი, რომ საქართველო სხვა პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მონაწილეობს ამ სამიტში, რაც ასევე არის გზავნილი, რომ საქართველო ალიანსის ძალიან ძლიერი მოკავშირეა რეგიონში, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი გაგრძელდეს, რადგან საქართველო აღნიშნულ ურთიერთობებს  წლების განმავლობაში აშენებდა.

„ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციურ ფორმად ვაქციეთ და ის, რომ საქართველოს აქვს ძალიან ცალსახა პოლიტიკური ვექტორები, ეს დასტურდება იმითაც, რომ საქართველო დღეს უკვე ვაშინგტონში მონაწილეობს ამ უმნიშვნელოვანეს სამიტში. სამიტს აქვს დატვირთული დღის წესრიგი. უკრაინა ცალსახად იქნება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან თემად. კიდევ ერთხელ მოხდება მხარდაჭერის დემონსტრირება, რათა გაუმკლავდეს რთულ გამოწვევებს. ჩვენ გვექნება შესაძლებლობა პარტნიორებთან საუბრის და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია, რომ საქართველო ნატო-ს საიუბილეო სამიტზე იმყოფება ამ უმნიშვნელოვანეს და გამოწვევებით სავსე პერიოდში. ჩვენი აქ ყოფნა უკვე ნიშნავს იმას, რომ ალიანსის მხრიდან საქართველოს ვაშინგტონში ყოფნა არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება გამოწვევებს, ეს არსად წასულა ჩვენს რეგიონში. სწორედ ამ გამოწვევებთან გამკლავებაში ვართ ჩართული, რომ მშვიდობა და სტაბილურობა იყოს ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განაცხადებით, საქართველოს აქვს ორი საგარეო პრიორიტეტი, ეს არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, რისთვისაც ხელისუფლებამ ბევრი რამ გააკეთა.

„ჩვენმა ხელისუფლებამ ამისთვის ბევრი გააკეთა. ჩვენთვის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია არის უმნიშვნელოვანესი. გვინდა, ვთქვათ, რომ საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც აქვს უამრავი გამოწვევა. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ ღიაობას და მზაობას, რომ ჩვენ დავაბრუნოთ ორმხრივი ურთიერთობები ისევ იმ ნიშნულზე და კიდევ უფრო გავაღრმაოთ, რადგან ეს სჭირდება აშშ-ს, საქართველოს. ჩვენი ორმხრივი ურთიერთობა არის უმნიშვნელოვანესი. ვფიქრობ, ნებისმიერ გამოწვევას გაუძლებს ის ძალიან მყარი ფუნდამენტი, რომელიც შექმნილია“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.