ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ანალენა ბერბოკს თუ აქვს რამე კითხვები, ვიზიტის ფარგლებში მიიღებს პასუხებს და გერმანია, ტრადიციულად, იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი
მოხარული ვარ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვუმასპინძლოთ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს საქართელოში. მჯერა, მიუხედავად იმ განცხადებისა, რომელიც ყველამ ერთად ვნახეთ, ეს ვიზიტი მოიტანს თავის მნიშვნელოვან შედეგებს საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელს კითხვა დაუსვეს გერმანიის საგერეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებაზე.
ილია დარჩიაშვილი თქმით, გერმანია არის ძლიერი, გამორჩეული პარტნიორი და წევრი ევროკავშირის, რომელსაც აქვს ძლიერი ხმა ევროინტეგრაციის პროცესში.
„ჩვენთვის მნიშველოვანია მათი მასპინძლობა. ასევე, ძალიან იმედიანად ვარ, რადგან ეს ვიზიტი ასევე მოემსახურება საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობების გაღრმავებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქალბატონი მინისტრის საქართველოში ყოფნის პერიოდში მან ნახოს ის კონკრეტული შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, ის დამოკიდებულება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს იმ ვალდებულებების მიმართ. რაც შეეხება საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, დარწმუნებული ვარ, თუ აქვს რაიმე კითხვები ქალბატონ მინისტრს, ის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში მიიღებს პასუხებს და გერმანია, ტრადიციულად, როგორც აქამდე, იქნება ჩვენი ძლიერი მხარდამჭერი ევროინტეგრაციის მიმართულებით“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.