ილია დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ანალენა ბერბოკის ვიზიტი მოიტანს ახალ იმპულსს, დაეხმარება საქართველოს, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი
გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობები ძალიან ბევრ წელს ითვლის, მადლიერი ვართ გერმანიის ძალიან რთულ პერიოდში ჩვენი ქვეყნისთვის აღმოჩენილი დახმარებისთვის, გაძლიერებისთვის. დემოკრატიული ტრანსფორმაციის გზაზე ეს ჩვენთვის ფასდაუდებელია და ძალიან მნიშვნელოვანი, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, დარჩიაშვილს კითხვა დაუსვეს ანალენა ბერბოკის გუშინდელ განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს: „ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან აცდენის მცდელობებს, ჩემი ვიზიტისას მსურს, მკაფიო გახდეს, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას“.
„თავად ფაქტი, რომ მინისტრი ბერბოკი დღეს საქართველოში იმყოფება, ასევე ის, რომ გვაქვს ძალიან ძლიერი ორმხრივი დინამიკა, პერიოდული შეხვედრები და მუდმივად ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგში, ასევე საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით, თავად ეს ფაქტი თავად მეტყველებს, რომ მინისტრის, მისი სახელმწიფოს მხარდაჭერა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის გზაზე არის ძლიერი. დარწმუნებული ვარ, ეს ვიზიტი მოიტანს ახალ, ძალიან მნიშვნელოვან იმპულსს, დაეხმარება საქართველოს, რათა ეფექტურად, შედეგზე ორიენტირებულად გააგრძელოს სვლა და რაც შეიძლება მალე მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი, რომელიც ასე სასიცოცხლოდ სჭირდება ჩვენს ქვეყანას და იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.