ილია დარჩიაშვილი - ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველოს ყველა პარტნიორი აღიარებს შედეგებს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მიღწეული.
მისივე თქმით, პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
„ზოგადად, როგორც ცნობილია, ევროკავშირში გაფართოებასთან დაკავშირებით ყოველთვის იყო, არის და ალბათ იქნებიან სკეპტიკური ქვეყნები, რომლებსაც ევროკავშირის გაფართოებასთან მიმართებით კონკრეტული ხედვები აქვთ, რომელიც მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ. ჩვენ ამ კუთხითაც აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ მათ დავანახოთ შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა აქტიური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომელიც გვაქვს, მოლოდინები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ხვალინდელ დღეზე. ყველა ჩვენი პარტნიორი, რა თქმა უნდა, აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში დადო და ეს პროცესი მომავლში გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.