ილია დარჩიაშვილი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით
ილია დარჩიაშვილი - ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან დინამიკური ურთიერთობებით

ჩვენ, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ვაკეთებთ ყველაფერს, რათა საქართველო პროგრესირებდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით, – აღნიშნულის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ქართველ ჟურნალისტებთან ბერლინში განაცხადა, სადაც უკრაინის აღდგენის კონფერენციაში მონაწილეობს.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობისა და დამოკიდებულების გამოხატულებაა ის, რომ საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ყველა დარჩენილი საკანონმდებლო პაკეტი.

„საქართველო მყარად და მტკიცედ ადგას ევროპული ინტეგრაციის გზას“, – დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დარჩიაშვილმა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ურთიერთობებზეც ისაუბრა.

მედიასთან გაკეთებულ კომენტარში მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული ინტერესია ქართულ-ამერიკული ორმხრივი ურთიერთობები ადრინდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.

„იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ორმხრივი ურთიერთობები მოკლე ხანში ნორმალიზდება და ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობების განვითარებას“, – განუცხადა ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.