ილია დარჩიაშვილი - ჩინეთთან ჩვენი დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ რეგიონში ბუნებრივი როლი შეასრულოს, ეფექტიანად, შედეგიანად დააკავშიროს აზია და ევროპა
ილია დარჩიაშვილი - ჩინეთთან ჩვენი დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ რეგიონში ბუნებრივი როლი შეასრულოს, ეფექტიანად, შედეგიანად დააკავშიროს აზია და ევროპა

ჩინეთთან ჩვენ გვაქვს ძალიან დინამიკური, ურთიერთსასარგებლო ინტერესებზე დაფუძნებული, ორმხრივი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„საქართველომ 2018 წელს ჩინეთთან გააფორმა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, საექსპორტო ბაზრების მაქსიმალური დივერსიფიცირება მოვახდინოთ. საქართველოს პრემიერ-მინისტრს ძალიან შედეგიანი და უმნიშვნელოვანესი ვიზიტი ჰქონდა ჩინეთში და ამ ვიზიტმა ახალი იმპულსი მოუტანა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს. საუბარი გვქონდა ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებასა და სტრატეგიულ დონემდე აყვანაზე“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, ჩინეთთან ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება-გაღრმავებას ბევრი ქვეყანა ცდილობს.

„წელს, 7-8 დეკემბერს დაგეგმილია ჩინეთის სამიტი პეკინში, რომელიც ჩინეთს და ევროკავშირს შესაძლებლობას მისცემს, განიხილონ ორმხრივი ურთიერთობები. ამ მიმართულებით, ჩინეთთან ჩვენი დინამიკური ორმხრივი ურთიერთობები ხელს უწყობს იმას, რომ ჩვენმა ქვეყანამ ამ რეგიონში ბუნებრივი როლი შეასრულოს და ეფექტურად, შედეგიანად დააკავშიროს აზია და ევროპა. ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება და ეს ჩვენს ქვეყანას ეხმარება, მაქსიმალურად მოახდინოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად თავსებადია ჩინეთის გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა ევროკავშირის უსაფრთხოების პოლიტიკასთან, რადგან ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში არის ჩანაწერი, რომ საქართველო მხარს უჭერს ჩინეთის მიერ შემოთავაზებულ გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ცალსახა და ეს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები სწორედ მოქმედმა ხელისუფლებამ აქცია საკონსტიტუციო ნორმად.

„საქართველოს აქვს ხელშესახები შედეგები, რომელსაც ხედავენ და გრძნობენ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც უვიზოდ მოგზაურობენ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, თავისუფლად ირჩევენ ნებისმიერ სასწავლებელს, თუ რომელ ქვეყანაში გააგრძელონ მომავალი აკადემიური ცხოვრება და ა.შ. შესაბამისად, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები არის ცალსახა, რაც კონსტიტუციურ ნორმად ვაქციეთ. საგარეო პოლიტიკის ფორმირების კომპონენტში ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ხაზი არის ის, რომ ჩვენ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის ჩვენი მოქალაქეების მთავარი დაკვეთა, რომ იცხოვრონ მშვიდობიან ქვეყანაში და ყველა ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ გვაქვს ფორმირებული – განვითარება, ეკონომიკური ზრდა და მისი შედეგები იქნებოდა მიუღწეველი, თუ ქვეყანაში არ იქნება მშვიდობა და სტაბილურობა. ეს არის ყველაზე მთავარი ხაზი, რომელსაც ვატარებთ, როდესაც ვახდენთ ჩვენი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების ფორმულირება-განხორციელებას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, საქართველო ცდილობს, იყოს საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული ნაწილი და მონაწილეობა მიიღოს მიმდინარე პროცესებში.

„ჩვენ წლების განმავლობაში ძალიან ბევრ მისიაში ვიღებდით მონაწილეობას და ჩვენ, ქართველებს, გვაქვს განცდა, რომ ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების და წესრიგის არა მარტო მომხმარებელი, არამედ აქ ჩვენი ღირებული წვლილიც მიგვიძღვის. შესაბამისად, ჩვენ ვართ მსოფლიო პროცესების ნაწილი და ვიქნებით მომავალშიც. მეორე მხრივ, ჩვენი მოქალაქეების მთავარი დაკვეთაა, ქვეყანა ეკონომიკურად განვითარდეს, იყოს მშვიდობა და სტაბილურობა“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლების პოლიტიკა არის თანმიმდევრული.