ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტარებს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვდა ევროპარლამენტის წევრებს – საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიკსერს.
უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული, თუ მიმდინარე რეფორმები.
„შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ ინსტიტუციური შესაძლებლობების მობილიზაციის მაღალ დონეს, რის შედეგადაც საქართველომ წარმატებით შეავსო და ევროკომისიას ვადაზე ადრე მიაწოდა თვითშეფასების კითხვარი. ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტარებს დაუდასტურა ქვეყნის ერთგულება რეფორმების კურსისადმი და აღნიშნა ხელისუფლების მზაობა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რასაც გაერთიანების წევრობა მოითხოვს. მხარეებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის პროცესში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მარინა კალიურანდსა და სვენ მიკსერს მათი პერსონალური ძალისხმევისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის“, – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.