ილია დარჩიაშვილი - ადამიანები, რომლებიც მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, ჩვენი პარტნიორი, მეგობარი ქვეყნების გამართულ ღონისძიებებში არ უნდა მონაწილეობდნენ
ჩვენთვის მიუღებელია, ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები მონაწილეობდნენ ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომლებსაც მართავენ ჩვენი უახლოესი მეგობრები, პარტნიორები, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
„დღეს დილით მქონდა შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, ასევე გერმანიის ელჩთან. ამ შეხვედრების ფორმატში გამოვხატეთ ჩვენი შეშფოთება იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომლის მომსწრენიც გავხდით და ვნახეთ ის ადამიანი, რომელიც კონკრეტულ შეხვედრებში მონაწილეობდა. მასთან მიმართებაში ჩვენი პოზიცია ცალსახაა. ჩვენ მიგვაჩნია და გვაქვს ეს პოზიცია ჩამოყალიბებული, რომ საქართველოს კანონმდებლობით მსჯავრდებული ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დანაშაულებში არიან ეჭვმიტანილი და ბრალდებული, მსგავსი ტიპის საჯარო აქტივობებში არ უნდა მონაწილეობდნენ ჩვენს პარტნიორ, მეგობარ ქვეყნებში. შესაბამისად, მქონდა შესაძლებლობა, ელჩებთან ამ საკითხზე კონკრეტულად მესაუბრა.
ზოგადად, ბოლო პერიოდში გვახსოვს კიდევ სხვა ადამიანებიც, რომლებიც თავისუფლად გადაადგილდებიან ევროკავშირის შიგნით, რომელთა მიმართაც მძიმე პრეტენზიები და მძიმე ბრალდებები არსებობს.
შესაბამისად, აუცილებლად ვფიქრობთ, რომ მსგავსი ტიპის რეაქცია ჩვენს მეგობრებთან უნდა გამოგვეხატა, რადგან ჩვენთვის მიუღებელია, ძალიან მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანები იღებდნენ ასეთი ტიპის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას, ესწრებოდნენ შეხვედრებს, რომლებსაც მართავენ ჩვენი უახლოესი მეგობრები და პარტნიორები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა მინისტრს, რომ ელჩების დაბარება შეიძლება, განიხილებოდეს, როგორც ანტიდასავლური კამპანიის გაგრძელება, დარჩიაშვილი პასუხობს:
„არა, რადგანაც ჩვენ პარტნიორებთან ვსაუბრობთ ყველა საკითხზე, მათ შორის ისეთ საკითხებზე, რომლის გარშემოც ზოგ შემთხვევაში არა გვაქვს ერთნაირი პოზიციები. ამიტომ ეს ძალიან ნორმალური პროცესია. ელჩებთან ჩვენ გამოვხატეთ დამოკიდებულება, პოზიცია იმასთან მიმართებაში, რომ ჩვენთვის მიუღებელია კრიმინალები მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობდნენ. შეხვედრებში, რომელსაც მართავენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები“,- აღნიშნა დარჩიაშვილმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში ევროკავშირის ელჩთან, პაველ ჰერჩინსკისა და საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩთან, პეტერ ფიშერთან შეხვედრა გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, „ელჩებს ოფიციალურად გადაეცათ ქართული მხარის შეშფოთება ევროკავშირსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში გამართულ ვიზიტებსა და შეხვედრებში საქართველოს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის დამნაშავედ აღიარებული და ძებნილი პირის, ზურაბ ადეიშვილის მონაწილეობის გამო“.