ილია ჭავჭავაძის მოთხრობები გერმანულ ენაზე გადაითარგმნება. ინფორმაციას ამის შესახებ ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. წიგნის გამოცემა ილია ჭავაჭავაძის საიუბილეო თარიღს უკავშირდება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ქართველი მწერლის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის მოთხრობების თარგმანზე კრიშტიანე ლიხტენფელდმა იმუშავა. გამოცემაში ხუთი მოთხრობა გაერთიანდება: „კაცია-ადამიანი?!“, „სარჩობელაზედ“, „მგზავრის წერილები“, „ოთარაანთ ქვრივი“, „გლახის ნაამბობი“.
მოთხრობების კრებულს გერმანული გამომცემლობა Reichert Verlag ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით გამოსცემს. პროექტი 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის ფარგლებში განხორციელდება.