შალვა პაპუაშვილი - სიმბოლური იქნება, სწორედ 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით
შალვა პაპუაშვილი - სიმბოლური იქნება, სწორედ 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით

სიმბოლური იქნება, სწორედ 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძემ ერში შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება და მის პრინციპებს მიჰყვება ხელისუფლება.

„იმედი გვაქვს, წელს ევროკომისიისგან იქნება პოზიტიური გადაწყვეტილება. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ 8 ნოემბერს. ველოდებით შეფასებას. 8 ნოემბერს არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, რომელმაც შექმნა თანამედროვე ევროპის ქართული გაგება ჩვენს ერში და რომლის პრინციპებსაც მიჰყვება ჩვენი ხელისუფლება. სწორედ 8 ნოემბერს, ვფიქრობ, სიმბოლური იქნება, ევროკომისიამ გამოაცხადოს პოზიტიური შეფასება საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკვე აღიარეს და ფაქტია, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ.

„შარშან, ივნისში ვნახეთ რადიკალური ოპოზიციის წარმატებული მცდელობა, როდესაც ატეხილი პანიკით, აჟიოტაჟით, დეზინფორმაციით საქართველოს წინააღმდეგ, მიაღწიეს იმას, რომ საქართველოს უსამართლოდ არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი და წელსაც ზუსტად იგივე მცდელობები იყო. მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გუშინდელ განცხადებაში, რომ დიახაც, საუბრები აქვთ, რომ კანდიდატის სტატუსის მონიჭება მოხდეს 2024 წლის არჩევნებამდე თუ არჩევნების შემდეგ. პირდაპირ უკვე აღიარებაც გვაქვს რადიკალური ოპოზიციის ქოლგა ორგანიზაციის, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ასე რომ, ეს უკვე ფაქტია, ოპოზიცია და მისი რადიკალური ფრთა ყველაფერს აკეთებდა, რათა კანდიდატის სტატუსი არ მოენიჭებინათ საქართველოსთვის. ყველა ხედავს, რომ მარცხდებიან ისინი საქართველოს წინაშე და ახლა დაიწყეს ახსნების ძიება, მათ შორის გეოპოლიტიკაზე საუბრობენ. რა შეიცვალა შარშანდელი ივნისიდან გეოპოლიტიკაში? შავი ზღვა დაშრა და სახმელეთო საზღვარი გაგვიჩნდა ევროკავშირთან თუ რა ცვლილება არის გეოპოლიტიკაში ისეთი, რომელიც შარშანდელ ივნისთან შედარებით წელს პოზიტიურ გადაწყვეტილებამდე მიდის? სინამდვილეში, მაშინ ისინი ცდილობდნენ, დეზინფორმაციით ნეგატიური აღქმა შეექმნათ საქართველოსთან დაკავშირებით. ეს მათი დეზინფორმაციული შტურმი აღმოჩნდა წარმატებული, შექმნეს ნეგატიური აღქმა საქართველოსთან დაკავშირებით და ამ ჯგუფებმა, მათ შორის მათმა მფარველებმა უცხოეთში და იმ პოლიტიკურმა ჯგუფებმა შეძლეს, რომ ევროკავშირს მიეღო უსამართლო გადაწყვეტილება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.