საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ, ილია ბეგიაშვილმა ქუთაისში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ილია ბეგიაშვილმა, იმერეთის გუბერნატორთან შავლეგო ტაბატაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე, რომელსაც იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები ესწრებოდნენ, პრობლემური საკითხები და მათი მოგვარების გზები განიხილეს. წელს, მხოლოდ იმერეთში, რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან, 216 ინფრასტრუქტურული პროექტი 67 მილიონი ლარით დაფინანსდა.
“მეორე თვეა მიმდინარეობს მონიტორინგის ჯგუფის სამუშაო შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით. საუბარია 2018 წელს რეგიონული ფონდიდან დაფინანსებულ დაახლოებით 770 პროექტზე, ჯამური ღირებულებით 250 მილიონი ლარი. ვითარება არაერთგვაროვანია, არის ჩამორჩენები, არის ხარისხის პრობლემებიც. ამიტომ, დეტალურად ვიხილავთ პრობლემების წარმოქმნის მიზეზებს, რათა სამომავლოდ უკეთ დავიგეგმოთ. საქართველოს მთავრობა, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ცდილობს, რაც შეიძლება მეტი თანხები მოვიზიდოთ რეგიონებში და ბუნებრივია, ამ რესურსს ეფექტიანი განკარგვა სჭირდება, რათ თითოეულ მოქალაქემდე მივიდეს ის სიკეთე, რასაც ქვეყნის მასშტაბით ვაკეთებთ”, – განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.