ილჰამ ალიევი - რუსეთ-აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება
რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„ვიწრო ფორმატის შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ რეგიონულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები. გასული წლის სექტემბრის შემდეგ რეგიონში სრულიად ახალი სიტუაცია შეიქმნა. აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ბუნებრივია, ახალი სიტუაცია ხსნის ახალ შესაძლებლობებს სამხრეთ კავკასიაში მყარი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისთვის. რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო ურთიერთქმედებაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მთელი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება“, – განაცხადა ალიევმა.
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი და რუსეთი მოქმედებენ, როგორც მოკავშირეები, მეგობრები და ახლო პარტნიორები.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ექვს დოკუმენტს, მათ შორის სამ შეთანხმებას და სამ მემორანდუმს. ეს დოკუმენტები მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორებიცაა საკვების უსაფრთხოება, მცენარეთა კარანტინი და დაცვა, ჯანდაცვა, სამედიცინო განათლება და მეცნიერება.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობას.
ალიევმა განაცხადა, რომ ორი ქვეყანა გეგმავს ჩრდილოეთ-სამხრეთის სარკინიგზო დერეფნით ტვირთების გადაზიდვის გაზრდას წელიწადში 15-30 მილიონ ტონამდე.
„ჩვენ დეტალურად განვიხილეთ პროექტ „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ განხორციელება, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს როგორც ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის, ასევე რეგიონული სატრანსპორტო დერეფნებისა და სატრანსპორტო მარშრუტების საკითხებთან დაკავშირებით. უნდა ვთქვა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის როგორც სარკინიგზო, ისე საავტომობილო სეგმენტები სრულად არის რეალიზებული და წარმატებით ფუნქციონირებს. ამჟამად ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ დერეფნის სარკინიგზო მონაკვეთის მოდერნიზაციაზე, რათა გავზარდოთ მისი გამტარუნარიანობა. ჩვენ ვსაუბრობთ წელიწადში 15 მილიონი ტონისა და მეტი ტვირთის გადაზიდვის შესაძლებლობაზე“, – განაცხადა ალიევმა.