ილჰამ ალიევი - პოლიტკულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო კითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ში, თუმცა ტრამპმა გააჟღერა თეზისი, რომ მის დროს ომი არ ყოფილა, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზეც
ილჰამ ალიევი - პოლიტკულტურა არ მაძლევს უფლებას, ვუპასუხო კითხვას, ვისი გამარჯვება მსურს აშშ-ში, თუმცა ტრამპმა გააჟღერა თეზისი, რომ მის დროს ომი არ ყოფილა, მნიშვნელოვანია მისი პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზეც

გადაწყვეტილებას ამერიკელი ხალხი მიიღებს, მათი პრეზიდენტის არჩევნებია, თუმცა ამას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის, რადგან  გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც აშშ-ის პირველი პირი მიიღებს, დიდწილად დამოკიდებული იქნება მრავალი ქვეყნის ხალხის ბედი, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშის მეორე გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.

ალიევმა უპასუხა შეკითხვას, ვის გამარჯვებას ისურვებდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, პოლიტიკური კულტურა არ აძლევს შესაძლებლობას, დაასახელოს სასურველი კანდიდატი, თუმცა, მისი თქმით, მნიშვნელოვანია დონალდ ტრამპის გზავნილი, რომ მისი პრეზიდენტობისას ომები არ ყოფილა.

ამასთან, ალიევის განცხადებით, მნიშვნელოვანია ტრამპის პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზეც.

„არსებობს პოლიტიკური კულტურა, რომელიც არ მაძლევს უფლებას, პირდაპირ ვუპასუხო თქვენს შეკითხვას, მიუხედავად იმისა, რომ მიმაჩნია, თქვენი კითხვა აბსოლუტურად რიტორიკულია. ჩვენ ერთმანეთს არაერთი ათწლეულია, ვიცნობთ და დარწმუნებული ვარ, მშვენივრად იცით, ვის მივანიჭებდი უპირატესობას და ვფიქრობ, არა მარტო მე აზერბაიჯანში, ვინაიდან რაც შეგვეხება ჩვენ, ბუნებრივია, ამ სიტუაციას ვუყურებთ ჩვენი პრიზმიდან. გადაწყვეტილებას ამერიკელი ხალხი მიიღებს, ეს მათი პრეზიდენტის არჩევნებია, თუმცა ამას ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს მთელი მსოფლიოსთვის, რადგან იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებსაც მიიღებს აშშ-ის პირველი პირი, დიდწილად დამოკიდებული იქნება მრავალი ქვეყნის ხალხის ბედი. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეზისი, რომელიც პრეზიდენტმა ტრამპმა გააჟღერა მიმდინარე კამპანიის ფარგლებში, ვფიქრობ, არის ის, რომ მისი მმართველობისას არ ყოფილა ომები, მის დროს აშშ-ს არ დაუწყია ომი, არ ყოფილა ვიეტნამი, კორეა, იუგოსლავია, ავღანეთი, ლიბია, ერაყი, სირია და ა.შ. ალბათ ამას დიდი პატივისცემით უნდა მოვეკიდოთ; მეორე თეზისი, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, თავად შტატებისთვის და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აშშ-ის პირდაპირი გავლენის ქვეშ არიან, ეს არის მკაფიო პოზიცია ტრადიციულ ღირებულებებზე. ვფიქრობ, აზერბაიჯანელი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამ პოზიციას არათუ იზიარებს, არამედ აქტიურად პროპაგანდირებს და პრაქტიკაში მას ახორციელებს“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.