რეჯეფ თაიფ ერდოღანი - ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებული განვითარებით აზერბაიჯანის ყველა მეზობელი ისარგებლებს
აზერბაიჯანისა და მისი ექსკლავის, ნახიჩევანის დამაკავშირებელი მთავარი კორიდორი მთელ თურქულ სამყაროს გააერთიანებს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ილჰამ ალიევის თქმით, თურქეთი და აზერბაიჯანი ზანგეზურის დერეფნის გახსნისთვის საჭირო ნაბიჯებს გადადგამენ. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ბაქოსა და ანკარას უამრავი პროექტი აქვთ განსახორციელებელი.
„აზერბაიჯანი წერს ისტორიას თურქეთთან ერთად. ჩვენ ერთად ვიყავით მთელი ომის განმავლობაში და დღესაც ერთად ვართ“, – განაცხადა ალიევმა.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ერთ დღესაც მხარეები ზანგეზურიდან სტამბოლამდე პირდაპირ მოგზაურობას შეძლებენ.
„გზები და რკინიგზა, რომლებიც გაივლის ამ გეოგრაფიულ სივრცეს, გაუხსნის ეკონომიკურ და სავაჭრო შესაძლებლობებს არა მხოლოდ აზერბაიჯანსა და თურქეთს, არამედ რეგიონის ყველა ქვეყანას. დადგება დღე, როცა ზანგეზურიდან სტამბოლში, იგდირსა და ყარსში გამგზავრებას შევძლებთ, რეგიონის სატრანზიტო და ლოჯისტიკურ ცენტრად გადაქცევის შესაძლებლობები გაფართოვდება. აზერბაიჯანის ყველა მეზობელი, მათ შორის ირანი, საქართველო და სომხეთი, შეძლებს, ისარგებლოს ამ განვითარებით. ერთი სიტყვით, ეს არის არა იზოლირებული, არამედ ინკლუზიური პროექტები. ამ პროცესში აუცილებელია საზღვრების განსაზღვრა და ურთიერთაღიარება. სწორედ ეს კონცეფცია უნდა გახდეს კეთილმეზობლური ურთიერთობების საფუძველი“, – აღნიშნა ერდოღანმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაეფ ერდოღანმა გორადიზ-ჯებრაილ-ზანგილან-აღბანდის გზის მშენებლობას ჩაუყარეს საფუძველი, რომელიც ე.წ. ზანგეზურის დერეფნის პროექტის შემადგენლობაში შედის.