კახა კუჭავა - ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა მთხოვა, სააკაშვილის გადაყვანაზე მეშუამდგომლა, თანახმა იყვნენ გორის ჰოსპიტალზეც, შემდეგ თქვეს, გორში აპირებენ გადაყვანას და ოსებზე გადაცემასო
რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელმა მთხოვა, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა სააკაშვილის გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა. ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ პარლამენტში, ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ტრაგედიაა, როდესაც ფაქტებით მანიპულირება ხდება.
„მდგომარეობა რაც არის შექმნილი, ნამდვილად საჭიროებს სწორ ანალიზს და სწორ პასუხებს. ბოლო დღეების განმავლობაში სამწუხაროა განცხადებები, მათ შორის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებისგან, არა მხოლოდ ექიმებისგან. ერთი დღე იყო ძალიან მძიმედ, ცუდად, ვერ დადიოდა, რამდენიმე საათში გახდა კარგად, რადგან სასამართლოზე უნდოდათ მონაწილეობის მიღება. სიმართლე სადაა ვეღარ გავიგე. აი, ესაა რეალური ტრაგედია. ასევე ტრაგედიაა, როდესაც მანიპულირება ხდება ფაქტებით. სამწუხაროდ, საერთოდ დაკარგულია გულწრფელობა, როდესაც მით უმეტეს ჩემთან მოდიან, მთხოვენ დახმარებას.
მაგალითისთვის, როდესაც მოსული იყო რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, მთხოვეს, პარლამენტის მხრიდან მეშუამდგომლა გადაყვანაზე და გორის ჰოსპიტალზეც იყვნენ თანახმა, ზუსტად მეორე დღეს ოპოზიციური სპექტრი ამბობს, რომ გორში აპირებენ გადაყვანას და შემდეგ ოსებზე გადაცემასო. თან პრობლემის გადაჭრისთვის ვითომ გზებს გვთავაზობენ და ამავე დროს, ცდილობენ ამავე საკითხებით მანიპულირებას და წინსწრებით, გარკვეული სპეკულაციებით უფრო დაძაბონ მდგომარეობა. ფაქტი ერთია, არიან ექიმები, რომლებმაც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება და არა პოლიტიკოსებმა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ამასთან, კუჭავამ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგთან დაკავშირებით მიხეილ სარჯველაძის ინიციატივა დადებითად შეაფასა.
„კარგია ინიციატივა, რაც თქვა ბატონმა მიხეილმა, სადაც ოპოზიციური დეპუტატებიც იქნებიან ჩართული, რომ სიტუაციაში გაერკვნენ და არა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასკვნა დადონ. რა თქმა უნდა, უბრალოდ ვერ დადებენ, თუ ექიმები არ არიან ჩართული. ერთია, გვინდა საკითხის მოგვარება, მეორეა, ყველა მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ გულწრფელები იყოთ, როდესაც ცდილობთ, რაღაც საკითხებთან დაკავშირებით გარკვეულწილად მივიღო გადაწყვეტილება, ვიშუამდგომლო“, – განაცხადა კახა კუჭავამ.