თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 55-ე კმ-ზე, ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთთან ავტოავარია მოხდა.
როგორც პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ტრაილერი შეეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა და ტრაილერს უკნიდან დაეჯახა.
შსს-ს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსში მყოფი ქალი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მძღოლი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. საქმეზე დანიშნულია ექსპერტიზები და მიმდინარეობს გამოძიება.