იენს სტოლტენგერბმა ნატო-ს 2019 წლის პრიორიტეტები დაასახელა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნული საკითხი RTBF-თან ინტერვიუში განიხილა.
ბელგიურ ტელე-რადიო მაუწყებელთან საუბრის დროს იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსის პრიორიტეტები უკრაინაში არსებული ვითარება, რუსეთთან ურთიერთობები, ტერორიზმისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ისევე როგორც გასული 70 წელი, მომავალშიც მშვიდობის შენარჩუნებისთვის იმუშავებს.
„ნატო-ს მთავარი მიზანი რიგი საფრთხეების წინაშე მომზადებაა. ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, ავირჩიოთ მხოლოდ ტერორიზმი ან რუსეთის მხრიდან მომდინარე სულ უფრო აგრესიული კიბერთავდასხმები. ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ერთდროულად ყველა გამოწვევის წინაშე უნდა მოემზადოს“, – განაცხადა ინტერვიუს დროს იენს სტოლტენბერგმა.