იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვერ ხედავს ნიშნებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომში პუტინის მიზნები შეიცვალა
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიესალმება უკრაინის კონტრშეტევის პროგრესს და მიიჩნევს, რომ რუსეთის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა. ამის შესახებ განცხადება მან ლატვიის პრემიერ-მინისტრთან, ევიკა სილინიასთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომელსაც ნატო-ს პრესსამსახური ავრცელებს.
„გენერალური მდივანი მიესალმა უკრაინის კონტრშეტევის სტაბილურ პროგრესს, რომლის დროსაც უკრაინელმა ჯარისკაცებმა გაარღვიეს რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და ახლა მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს“, – აღნიშნულია ნატო-ს პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო ვერ ხედავს ნიშნებს, რომ „ვლადიმერ პუტინის მიზნები შეიცვალა“.
„რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ რჩება ყველაზე დიდ საფრთხედ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში“, – აცხადებს სტოლტენბერგი.
როგორც ნატო-ს პრესსამსახური წერს, ამის გათვალისწინებით, ნატო-ს გენერალური მდივანი მიესალმება ნატო-ს წევრების მნიშვნელოვან როლს, რომელიც აძლიერებს უკრაინის უნარს, უკან დაახევინოს რუსულ ძალებს.