იენს სტოლტენბერგის 2021 ანგარიშში საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეა საუბარი
იენს სტოლტენბერგის 2021 ანგარიშში საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზეა საუბარი

ნატო-ს გენერალური მდივნის მიერ წარდგენილ 2021 წლის ანგარიშში საუბარია ნატო-ს გაფართოების შესახებ. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ალიანსის მოკავშირეები საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისადმი მხარდაჭერის ერთგულები დარჩნენ.

ანგარიშის თანახმად, ნატო-ში გაწევრიანების კარი ღია რჩება ყველა ევროპული დემოკრატიისთვის, რომლებიც იზიარებენ ალიანსის საერთო ღირებულებებს (პირადი თავისუფლება, დემოკრატია და კანონის უზენაესობა), რომლებსაც სურთ და შეუძლიათ, საკუთარ თავზე აიღონ წევრობის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები, შეუძლიათ ჩრდილოატლანტიკური შეთანხმების პრინციპების ხელშეწყობა და რომელთა მიღებას შეუძლია, ხელს შეუწყოს ჩრდილოატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებას. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანას უნდა შეეძლოს, თავისუფლად აირჩიოს საკუთარი უსაფრთხოების ზომები, მათ შორის, შეუერთდება თუ არა ნატო-ს მსგავს რომელიმე ხელშეკრულებას ან ალიანსს. ანგარიშში ასევე ხაზგასმულია, რომ გაფართოებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს თავად ნატო და საჭიროებს ყველა მისი წევრის კონსენსუსს.

„2021 წელს ნატო განაგრძობდა ბოსნია და ჰერცეგოვონის რეფორმების ძალისხმევის მხარდაჭერას მისი რეფორმების პროგრამის საფუძველზე, რომელიც ქვეყანამ 2019 წლის დეკემბერში წარადგინა. მოკავშირეები ასევე დარჩნენ საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში საბოლოო გაწევრიანებისადმი მხარდაჭერის ერთგულები, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე და შემდგომ სამიტებზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად და ამ მიზნით ახორციელებდნენ ორივე ქვეყნის ყოველწლიური ეროვნული პროგრამების შესრულების მონიტორინგს. 2030 წლის ნატო-ს დღის წესრიგის ფარგლებში, მოკავშირეები შეთანხმდნენ რეკომენდაციებზე, რომლებიც ითვალისწინებს ნატო-ს სამი ასპირანტი ქვეყნის წევრობისთვის მომზადებაში მხარდაჭერის გაძლიერებას“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნატო-ს პარტნიორების ურთიერთთავსებადობის ინიციატივის ფარგლებში, ნატო-მ შექმნა „გაფართოებული შესაძლებლობების“ სტატუსი ექვსი პარტნიორისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. აღნიშნული სტატუსით, გაიზარდა ამ ქვეყნების ალიანსთან ჩართულობის შესაძლებლობები, ასევე გამარტივდა სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის პროცესი და შესაძლებელი გახდა უსაფრთხოების საკითხებზე რეგულარული კონსულტაციების ჩატარება.

დოკუმენტის მიხედვით, ნატო-სა და საქართველოს პრაქტიკულმა თანამშრომლობამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გააგრძელა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების და ალიანსთან ურთიერთავსებადობის გაძლიერება, პროგრესი იქნა მიღწეული სამხედრო სამედიცინო შესაძლებლობების განვითარების ახალ ინიციატივასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო ინჟინერიასთან, სპეციალური ოპერაციების ძალებთან და კრიზისის მენეჯმენტთან დაკავშირებით. ასევე, შემუშავდა პროექტები კიბერლაბორატორიის დასაარსებლად და საზღვაო და საჰაერო სიტუაციური ცნობიერების გასაუმჯობესებლად.

ანგარიშის თანახმად, მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან 35 ექსპერტი მხარს უჭერდა 2021 წელს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებას. მოკავშირეებმა დააფინანსეს განათლებისა და ტრენინგის პროგრამები, მათ შორის საქართველო სამხედრო პოლიციისთვის, ასევე წვრთნები და აღჭურვილობა.

საქართველო 2021 წლის ივლისამდე მონაწილეობდა ავღანეთში ნატო-ს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში. შემდგომ მან მხარი დაუჭირა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესს როგორც ტრანზიტულმა პუნქტმა 60-ზე მეტი რეისისთვის და 5 000 ევაკუირებულისთვის. საქართველო ასევე განაგრძობდა ნატო-ს რეაგირების ძალებში წვლილის შეტანას.