იენს სტოლტენბერგი - ვილნიუსის სამიტზე განიხილება არა უკრაინის მიწვევის საკითხი, არამედ გეგმა, როგორ დაუახლოონ უკრაინა ნატო-ს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ნატო-ში მიწვევის საკითხი არ განიხილება. ამის შესახებ მან ბრიუსელში გამართული ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ბოლოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ნატო-ს წევრები ვილნიუსში განიხილავენ „არა უკრაინის მიწვევას, არამედ გეგმას, როგორ დაუახლოონ უკრაინა ნატო-ს“.
სტოლტენბერგის განცხადებით, ამ გეგმას აქვს სამი ელემენტი.
პირველი არის უკრაინის პრაქტიკული მომზადება ნატო-ს წევრობისთვის, ანუ საბჭოთა სტანდარტებიდან სრულად გადასვლა დასავლურ სტანდარტებზე, ასევე, ალიანსის წევრი ქვეყნების არმიებთან ურთიერთავსებადობის გაზრდა;
მეორე ელემენტი არის პოლიტიკური.
„ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან, რომ შეიქმნას ნატო-უკრაინის საბჭო“, – განამარტა სტოლტენბერგმა.
ამ საბჭოს ფორმატში, უკვე მოქმედი უკრაინა-ნატოს კომისიისაგან განსხვავებით, უკრაინას ექნება ისეთივე უფლებები, როგორც ალიანსის სხვა წევრებს, და შესაძლებლობები კონსულტაციებისთვის. ამას გარდა, ამ ორგანოს ექნება გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა;
მესამე ელემენტი დაკავშირებულია უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან. სტოლტენბერგის თქმით, პრინციპში, ყველა მოკავშირე თანხმდება, რომ უკრაინა უნდა გახდეს ალიანსის წევრი. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე ქვეყანა განიხილავს უკრაინასთან ორმხრივი და მრავალმხრივი პროექტების დაწყებას ამ მიმართულებით.